English / ქართული / русский /
გიორგი ბერულავა
ეკონომიკური განვითარების პროცესის ინსტიტუციური წინაპირობები

ანოტაცია

წინამდებარე კვლევაში ძირითადი ყურადღება ეთმობა ეკონომიკური განვითარების პროცესში საბაზრო ინსტიტუტების როლის განხილვას. თანამედროვე ეტაპზე ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ისეთი სტიმ-ულების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც წაახალისებს ბიზნესს საწარმოო საქმიანობაში სახსრების ინვესტირებისათვის, და არა რენტის ძიებისათვის. საქმე ეხება ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესის განვითარებისათვის ყველაზე ხელსაყრელ სამართლებრივ და მარეგულირებელ გარემოს. კერძოდ, არეგულირებენ საკუთრების უფლებებს, საკონტრაქტო ურთიერთობებს, აგრეთვე ბაზრიდან გამოსვლას და ბაზარში შესვლას და ა.შ. ეს ინსტიტუტები, რომლებიც ავსებს საბაზრო კონკურენციის მექანიზმს, მათ უფრო ეფექტიანს ხდის ბაზრის განუსაზღვრელობისა და ტრანსაქციური დანახარჯების შემცირების, სწავლებისა და ცოდნის სტიმულების უზრუნველყოფის, ინოვაციების სტიმულირების, მეწარმეობისა და საწარმოო საქმიანობისათვის ეკონომიკური აგენტების წახალისების გზით.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური განვითარება, საბაზრო ინსტიტუტები, სტიმულების სისტემა

შესავალი

საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული და ერთმა-ნეთის მხარდამჭერი ინსტიტუტების რთულ სისტემას, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ყალიბდებოდა. დუგლას ნორთის მიხედვით, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის განსხვავება მათი ინსტიტუციუ-რი გარემოების განსხვავებულობით შეიძლება აიხსნას [6]. ეკონომიკური განვითარებისთვის ინსტიტუციური ბაზის მნიშვნელობა განისაზღვერება ეკონომიური სუბიექტებისთვის სათანადო სტიმულირების სისტემის შექმნის უნარით, რაც გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებებზე ინვესტირებისა და ინოვაციების მიმართებით. თუმცა, ნეოკლასიკური ზრდის თეორია ეკონომიკურ ზრდაზე პასუხისმგებლად მხოლოდ ერთ ინსტიტუტს – ეფექტიან ბაზარს მიიჩნევს, ხოლო სხვა ინსტიტუტებს ამ მხრივ არ ანიჭებს რაიმე მნიშვნელობას.

* * *

ადამ სმიტის მოღვაწეობის პერიოდიდან დაწყებული, საბაზრო კონკუ-რენცია ეკონომისტების მიერ ცალსახად მიიჩნევა ეკონომიკური პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალად. კონკურენტული პროცესების განვითარება, უპირველეს ყოვლისა, ფასებს ანიჭებს ეკონომიკის ძირითადი მარეგულირებელი ფაქტორის როლს, რაც უზრუნველყოფს რესურსების ყველაზე ეფექტიანად განაწილებას. ეს დასკვნა დაფუძნებულია იმ დაშვებაზე, რომ ფასებში ჩადებულია სრული ინფორმაცია, რომელიც საკმარისია საბაზრო ურთიერთობების მონაწილეებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად. სხვა სიტყვებით, ბაზარზე მოქმედებს “უხილავი ხელი”, რომელიც კონკურენციის საფასო მექანიზმების საშუალებით უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების შესატყვისი საწარმოო ფაქტორების კომბინაციის შექმნას.
თუმცა, ბოლო ორასი წლის მანძილზე, კონკურენციის პროცესმა, ისევე, როგორც საბაზრო ურთიერთობების დამახასიათებელი საბაზისო გარიგებების მრავალფეროვნებამ, კარდინალური ცვლილებები განიცადა. ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ეტაპი, რომელიც ასოცირდება ისეთ მოვლენებთან, როგორებიცაა ინდუსტრიალიზაცია, ინოვაციები და ტექნიკური პროგრესი, მოითხოვს მუშახელის დაყოფისა და სპეციალიზაციის გაღრმავებას, წარმოების მასშტაბების ზრდას და ბაზრების გეოგრაფიული საზღვრების გაფართოებას, რასაც, თავის მხრივ, თან ახლავს მნიშვნელოვანი ინვესტიციები წარმოებისა და ადამიანური რესურსების სფეროებში ახალი მეთოდების დანერგვის მიზნით. ასეთი პროცესების შედეგად მოხდა საბაზრო გარიგებების რაოდენობისა და სირთულის ხარისხის მნიშვნელოვანი მატება. უფრო მეტიც, თავად გარიგებები ნაკლებად პერსონიფიცირებული გახდა ადამ სმიტის დროინდელ პერიოდთან შედარებით.
უნდა აღინიშნოს, რომ გარიგებების რაოდენობისა და სირთულის დონის ზრდასთან ერთად, შესაბამისი რისკფაქტორებიც და გარიგებების ხარჯებიც იზრდება. გარიგების ხარჯები, რომლებიც ინფორმაციის დეფიციტით არის განპირობებული, მოიცავს რესურსების გაცვლისა და გამოყენების პროცესში, მათ შეძენაზე, დაცვასა და გასხვისებაზე მიმართულ სახსრებს [11]. გაღრმავებული სპეციალიზაციის, მუშახელის დაყოფის და მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკის პროგრესისთვის, ფასებში ჩადებული ინფორმაცია სრულებით აღარ არის საკმარისი ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად. ბაზრის განუსაზღვრელობის დონის ზრდა იწვევს გარიგებების ხარჯების მკვეთრ მატებას და, მთლიანობაში, აქვეითებს ეკონომიკის ეფექტიანობას.
ამდენად, ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ახერხებს იგი მის წინაშე მდგარი დილემის გადაჭრას – ერთდროულად ხელი შეუწყოს რთული გარიგებების განხორციელებას და უზრუნველყოს გარიგებების დაბალი ხარ-ჯები. საბაზრო კონკურენციის ინსტიტუტს ამ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა არ შეუძლია და საჭიროებს სხვა ინსტიტუტების მხარდაჭერას. მაგალითისთვის, განვითარებულ ეკონომიკებში კონკურენციის საბაზრო მექანიზმებს ემატება ქონებრივი უფლებების უზრუნველმყოფი ინსტიტუტები. ასეთი ინსტიტუტების ხელმისაწვდომობა, განუსაზღვრელობის დონისა და გარიგებების ხარჯების შემცირებასთან ერთად, ხელს უწყობს სპეციალიზა-ციის გაღრმავებასა და თანამშრომლური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ისევე, როგორც განაპირობებს ფირმების მოტივირებას ინოვაციებში ინვესტირების მიმართვის კუთხით. ორივე _ საბაზრო კონკუ-რენციის მექანიზმები და ქონებრივი უფლებების ინსტიტუტები _ შეადგენს განვითარებული ბაზრების წარმატების საფუძვლებს.
დუგლას ნორთი ინსტიტუტებს განმარტავდა, როგორც “... ადამიანების მიერ განსაზღვრულ შეზღუდვებს, რომლებიც ჩადებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთქმედებებში ...”, რომელთა შემადგენლობაში შედის “... როგორც არაფორმალური შეზღუდვები (სანქციები, აკრძალვები, ჩვეულებები, ტრადიციები და ქცევის ნორმები), ასევე ოფიციალური წესები (კონსტიტუციები, კანონები, ქონებრივი უფლებები)” [4, გვ. 97]. მართალია ბაზრის შემავსებელი ინსტიტუტები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, მთლიანობაში მათი ურთიერთქმედება უზრუნველყოფს ბაზრის შესახებ ძირეული ინფორმაციის გავრცელებას, ქონებრივი უფლებების სამართლებლივ ამოქმედებას, კონტრაქტების შესრულებას და კონკურენციის განვითარებას, რაც ეკონომიკურ სუბიექტებს აძლევს სათანადო შესაძლებლობებსა და სტიმულს საბაზრო საქმიანობებში ნაყოფიერი მონაწილეობისთვის. ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, საბაზრო ინსტიტუტების მიერ ამ ფუნქციების რეალიზაციას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის ეფექტიანი ფუნ-ქციონირების გარანტირებისთვის [1].
პირველ რიგში, საბაზრო პირობების, საქონლის და ეკონომიკური სუბიექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზით, ეს ინსტიტუტები საშუალებას აძლევს ცალკეულ კომპანიებს, უმცირესი დანახარჯებით შეარჩიონ პარტნიორები, განამტკიცონ მათი გადახდისუნარიანობა და გან-საზღვრონ საქმიანობის ყველაზე მომგებიანი სფეროები. იმავდროულად, ხდება ბიზნესის რეგულირების სფეროში სახელმწიფოს შესაძლებლობებისა და პოტენციალის ზრდა. ასეთი ინსტიტუტების მაგალითებს წარმოადგენს, აუდიტორული კომპანიები, კრედიტების სარეგისტრაციო სისტემები, სა-დამკვირვებლო ანუ ე.წ. “მოთვალთვალე” კომპანიები, ინფორმაციის ნაკადების სახელმწიფო დონეზე რეგულირების სხვადასხვა ფორმები და ა.შ. ეს ინსტიტუტები გავლენას ახდენენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში და განსხვავებულ ბაზრებზე მოქმედი ეკონომიკური სუბიექტებისთვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის გენერირების, შეგროვების, გაანალიზების, დამოწმების და გადაცემის პროცესებზე.
მეორე, საბაზრო ეკონომიკის საბაზისო ინსტიტუტს ქონებრივი უფლებები ქმნის. ქონებრივი უფლებები განსაზღვრავს ეკონომიკური სუბიექტების კომპეტენციას ქონების გამოყენების, შემოსავლების მიღების და სხვა სუბიექტებისთვის საკუთრების უფლების გადაცემის მიმართებით. კონტრაქტებისა და ქონებრივი უფლებების მკაფიოდ განმარტებისა და ლეგალიზების გზით, ინსტიტუტები ნათლად განსაზღვრავენ ეკონომიკური აგენტების მიერ მისაღები სარგებლის მოცულობას და შესაბამის ვადებს. კერძოდ, კონსტიტუციური უფლებები, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემები, არაოფიციალური სოციალური ნორმების სისტემები და სხვა ინსტიტუტები თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს აძლევენ ქონებრივი უფლებების მკაფიოდ განსაზღვრისა და დაცვის, შესაძლო კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების და კონტრაქტების პირობების ამოქმედების შესაძლებლობას. ინსტიტუციური საქმიანობების ყველა ეს შედეგი უაღრესად მნიშვნელოვანია გამართული საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის.
მესამე, სახელმწიფო მარეგულირებელ ინსტიტუტებს შეუძლია გავლენა მოახდინოს კონკურენციის დონეზე და შექმნას ან მოხსნას ბაზარზე შესვლაზე მოქმედი დაბრკოლებები. კონკურენციის განვითარება არა მარტო უზრუნველყოფს ეკონომიკურ აგენტებს თანაბარი შესაძლებლობებით, არამედ ასევე ასტიმულირებს ინოვაციურ მიდგომებსა და ეკონომიკის ზრდას.
ეს ინსტიტუტები უზრუნველყოფენ ბაზრის ეფექტურ ფუნქციონირებას ინფორმაციის ასიმეტრიულობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებთან და-კავშირებული გარიგებების ხარჯების შემცირების გზით. თავის მხრივ, ეს ასტიმულირებს ინვესტიციებს, ხელს უწყობს ეკონომიკური სუბიექტების სამეწარმეო აქტივობას, ინოვაციებს და მათი საქმიანობის პროდუქტიულობის ზრდას [12].
მნიშვნელოვანი განმასხვავებელი მიჯნა ნეოკლასიკურ და ინსტიტუციურ ეკონომიკურ თეორიებს შორის საბაზრო ინსტიტუტების უზრუნველყოფის მიმართებით, სახელმწიფო როლის გააზრებაზე გადის. ნეოკლასიკურ ეკონომიკურ ლიტერატურაში ბაზრის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიმართებით, სახელმწიფოს მნიშვნელოვნად შემცირებული როლი ენიჭება. ინსტიტუტები საერთოდ არ განიხილება ბაზრის ეფექტიანობისთვის აუცილებელ კომპონენტად, არამედ უფრო აღიქმება, როგორც თავისთავად არსებული სტრუქტურები. უფრო მეტიც, იგულისხმება, რომ ეკონომიკა იმყოფება თვითრეგულირებად (laissez-faire) მდგომარეობაში. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ბაზარი არ არის უზრუნველყოფილი სრულყოფილი ინფორმაციით ან ზოგიერთი საბაზრო სეგმენტი გამორჩენილია, ბაზარს აღარ შეუძლია მისი მთავარი ამოცანის გადაჭრა, რაც რესურსების ეფექტურ განაწილებაში მდგომარეობს. სტიგლიცის მიხედვით, ასეთ ვითარებაში ნეოკლასიკურ მოდელს, რომელიც ხაზს უსვამს “უხილავი ხელის”, როგორც ეკონომიკის მარეგულირებელი მექანიზმის როლს, ნაკლებად შეუძლია გამოდგეს ეკონომიკური არჩევანის სახელმძღვანელოდ, რის გამოც ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მონაწილეობის აუცილებლობა უდავო და განმსაზღვრელ მნიშვნელობას იძენს [10]. ამგვარი აუცილებლობა იმ უბრალო ფაქტით აიხსნება, რომ ეკონომიკას არ ძალუძს ეფექტიანი ფუნქციონირება სახელმწიფოს მიერ არასრულყოფილი ბაზრების სათანადო დამატებითი ინსტიტუტებით გაძლიერების გარეშე.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არასრული ბაზრების და არასრულყოფილი საბაზრო ინფორმაციის პირობებში სახელმწიფო გაცილებით უფრო სერიოზულ როლს თამაშობს ეკონომიკის რეგულირებაში, ვიდრე ეს ნეოკლასიკური ეკონომიკური თეორიით იგულისხმება. განვითარებულ კაპიტალისტურ საზოგადოებებში სახელმწიფო (საბაზრო მექანიზმებთან, ბიზნესგარემოსთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა კომპონენტებთან ერთად) მხარს უჭერს ეკონომიკის ინსტიტუციურ მოწყობას, რისთვისაც განსაზღვრავს ეფექტიან სამართლებლივ რეჟიმს, რომელშიც ქონებრივი უფლებები მკაფიოდ გამიჯნული და დაცულია [5, 3].
საბაზრო ინსტიტუტები შეუძლებელია შეიქმნას, თუ ეკონომიკა სახ-ელმწიფოსგან იზოლირებულად ვითარდება. უფრო მეტიც, სამართლებლივი რეჟიმი და პოლიტიკური სისტემა არ არის დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემისგან (როგორც ეს ნეოკლასიკოსებს მიაჩნიათ). ამის საწინააღმდეგოდ, ისინი ღრმად არიან ჩამჯდარი ეკონომიკის წყობაში, რომელიც, თავის მხრივ, შეუძლებელია არსებობდეს ასეთი სტრუქტურების გარეშე [7]. სახელმწიფო, ეკონომიკურ სუბიექტებზე გავლენის მქონე სამართლებლივი და ინსტიტუ-ციური ინფრასტრუქტურების სახით, წარმოადგენს დასაყრდენს ამ სუბიექტებს შორის წარმოებული ყველა კერძო სახის ურთიერთობებისთვის. სწორედ სახელმწიფოა ის ელემენტი, რომელიც თავისი ადმინისტრაციული, სამართლებლივი და საკანონმდებლო ინსტიტუტებით გავლენას ახდენს ეკონომიკურ აგენტებზე ეკონომიკური ორგანიზების ადეკვატური ფორმების შერჩევის პროცესში და, ამდენად, განსაზღვრავს მთელი ეკონომიკური სისტემის სტურქტურასა და საბაზისო მახასიათებლებს [2].
ქონებრივი უფლებების დამკვიდრების უნარი სახელმწიფოს ძალაუ-ფლების წყაროს წარმოადგენს და აძლევს მას მთლიანი ეკონომიკის ორ-განიზებაზე გავლენის შესაძლებლობას. სწორედ სახელმწიფოს უნარი, გავლენა იქონიოს ეკონომიკურ სისტემაზე, წარმოადგენდა იმ ასპექტს, რომე-ლიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იყო აღიარებული და სათანადოდ შეფასებული მრავალი ეკონომისტის მიერ. ადამ სმიტის მიერ ფორმული-რებული ბაზრის “უხილავი ხელის” კონცეფციის ანალოგიურად, შეიძლება ვისაუბროთ სახელმწიფოს “შეუმჩნეველ ხელზე”. ორივე აღნიშნული ფაქტორი თანდაყოლილად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ავსებს ერთიმეორეს განვითარებული ეკონომიკური სისტემისთვის საჭირო აუცილებელი და საკმარისი პირობების შექმნისას.
შუმპეტერის მიხედვით [8; 9], ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ამოსავალ წინაპირობას წარმოადგენს ისეთი ფირმების არსებობა, რომლებსაც გააჩნიათ ცოდნის მიღებისა და სათანადოდ გამოყენების, სამეწარმეო აღმოჩენების და ინოვაციების განხორციელების, ბაზრების დარღვევის და ზემაღალი მოგების მიღების უნარი. თავის მხრივ, ნოვატორების არსებობა დამოკიდებულია ქვეყნის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს სათანადო ინსტიტუციური გარემო, რომელშიც ნოვატორების ზემაღალი მოგება საკმარისად მდგრადი იქნება, რათა მოახდინოს ინოვაციებთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯების კომპენსირება. ამ კონტექსტში განვითარებად ქვეყნაში ეკონომიკური განვითარების პროცესის საბოლოო წარმატებულობა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად წარმატებით მოხდება ქვეყანაში ნოვატორი ფირმებისთვის სათანადო სტიმულირების სისტემის უზრუნველმყოფი ინსტიტუციური საფუძვლების შექმნა. ქვეყნებმა, სადაც ამგვარი შეღავათიანი სტრუქტურის უზრუნველყოფის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, საგრძნობლად ვერ შეამცირა მდიდარი ქვეყნებიდან ჩამორჩენა.

დასკვნა

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბაზრის ქმედითი ფუნ-ქციონირება შესაძლებელია მხოლოდ ქონებრივი უფლებების, საკონტრაქტო პირობების შესრულების, სესხების დაბრუნებისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულებისა და გარიგებების ხარჯების შემცირების უზრუნ-ველმყოფი და საწარმოო ფაქტორების რაციონალურობის ამაღლების ხელშემწყობი ქმედითი ინსტიტუტების არსებობის პირობებში. მხოლოდ ასეთ ვითარებაში მიიღებენ ეკონომიკური სუბიექტები ინოვაციების განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობას და სტიმულებს, რაც ეკონომიკის მდგრადი განვითარების წინაპირობებს წარმოადგენს. დასავლეთის ქვეყნების კეთილდღეობას განსაზღვრავს სათანადო ინსტიტუციური გარემოს არსებობა, რომელიც მოიცავს რაციონალურ ბაზრებს, სტაბილურ პოლიტიკურ სტრუქტურებს, მკაფიოდ განსაზღვრულ და ქმედით ქონებრივ უფლებებს და კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების სიმცირეს (ჩვეულებრივ, საკანონმდებლო ნორმების გამოყენების გზით). ასეთ გარემოში ხდება ფირმების მხრიდან რესურსების რაციონალური გამოყენების, ფაქტორების ზრდისა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობა და სტიმულირება. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის საკვანძო საკითხს უნდა წარმოადგენდეს იმ დაწესებულებებისა და მოქმედებების იდენ-ტიფიცირება, რომლებიც ხელს უწყობენ ისეთი სამეწარმეო ან ინსტიტუციური გარემოს შექმნას, სადაც ინოვაციების დამნერგავი სუბიექტებისთვის გარანტირებული იქნება გაზრდილი მოგების მიღების შესაძლებლობა, რაც ასევე ნიშნავს ფირმებისთვის ინოვაციებში ინვესტირების განსახორციელებლად სათანადო შეღავათიანი პირობების შექმნას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Acemoglu, Daron, Philippe Aghion, and Fabrizio Zilibotti, (2002), “Distance to Frontier, Selection, and Economic Growth,” NBER Working Paper No. 9066, July.
2. Campbell L. John and Leon N. Lindberg. (1990) “Property Rights and the Organi-zation of Economic Activity by the State”, American Sociological Review, Vol. 55, Issue 5 (October): pp. 634-647.
3. Furubotn, G., Eirik and Rudolf Richter.(2003). Institutions and Economic Theory: The Contribution of the New Institutional Economics. Ann Arbor: The University of Michigan Press.
4. North Douglass C. (1991). “Institutions”, The Journal of Economic Perspectives, Vol. 5, Issue 1 (Winter), pp.97-112.
5. North Douglass C.(1990). Institutions, Institutional Change and Economic Perfor-mance. Cambridge: Cambridge University Press.
6. North, Douglass C. and Robert P. Thomas (1973). The Rise of the Western World: A New Economic History. Cambridge University Press, Cambridge UK.
7. Rapaczynski A. (1996). “The Role of the State and the Market in Establishing Prop-erty Rights”, Journal of Economic Perspectives, Vol. 10., N2 (Spring): pp. 87-103.
8. Schumpeter, J. A. (1934). The Theory of Economic Development. Cambridge, MA: Harvard University Press.
9. Schumpeter, J. A. (1942). Capitalism, Socialism and Democracy. New York: Har-pers and Row.
10. Stiglitz, J.E. Whither Socialism? Cambridge: Cambridge University Press, 1994.
11. Williamson Oliver E. “The Economics of Organization: The Transaction Cost Ap-proach”, American Journal of Sociology, Vol.87, Issue 3 (Nov. 1981), pp.548-577.
12. World Bank (2001). World Development Report 2002: Building Institutions for Markets. The World Bank, Washington DC.